გაერო-ში აცხადებენ, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში ისრაელის დარტყმებს, სულ მცირე, 127 მოქალაქე ემსხვერპლა, ორგანიზაცია მომხდარის გამოძიებას ითხოვს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში ისრაელის დარტყმებს, სულ მცირე, 127 მოქალაქე ემსხვერპლა. გაერო-ს ოფისი მომხდარის გამოძიების და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მოწოდებით გამოდის.
„ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ვხედავთ ისრაელის სამხედროების მხრიდან მზარდ თავდასხმებს, რაც ლიბანში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და სამოქალაქო ობიექტების განადგურებას იწვევს, რასაც თან ახლავს უფრო ფართო, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების საგანგაშო საფრთხე“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის პრესსპიკერმა, თამინ ალ-ხითანმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლის თქმით, მსხვერპლის რაოდენობა გაერო-მ საკუთარი მეთოდოლოგიით დაადასტურა და რეალური ციფრები, შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.
ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2024 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა ხუთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის შუამავლობით.