გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ირანში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს
გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ირანში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საგანგებო სხდომა გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ მოიწვია.

ამერიკელი დიპლომატის გადაწყვეტილება რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები ირანის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩართოს.

„ამერიკის ეს მცდელობა გაერო-ს იმიჯს ლახავს. ამერიკა ბოროტად იყენებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ასპარეზს და თავისი ქმედებებით საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.

მისივე თქმით, სინამდვილეში ვაშინგტონის მიზანია 2015 წელს საერთაშორისო ექვსეულსა და ოფიციალურ თეირანს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმება საბოლოოდ გაუქმდეს.

აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ ირანის მთავრობის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები „მამაცი ხალხის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებად“ შეაფასა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგა იმ ხალხის გვერდით, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. აღმაშფოთებელია, როცა ირანის ხელისუფლება ამ ადამიანებს უცხო ქვეყნიდან მართულ მარიონეტებს უწოდებს. ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ მზად ვართ, დახმარების ხელი გავუწოდოთ ირანელ ხალხს, როცა ამის დრო დადგება. ირანელმა ხალხმა შესანიშნავად იცის სიმართლე, შესანიშნავად ხედავს რეჟიმის მანკიერებას და მათ სურთ თავისუფლება. ჩვენ ვაფასებთ ამ ხალხის ბრძოლისუნარიანობას“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მეთიუ რაიკროფტმა აღნიშნა, რომ ირანი უდიდესი ცივილიზაციის ქვეყანაა, რომელსაც დიდი გავლება აქვს რეგიონზე, თუმცა ირანმა ის მხარე აირჩია, რომელიც მსოფლიო მშვიდობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„მიმდინარე პროცესების ფონზე სახიფათოა, ირანმა არ გააძლიეროს იემენსა და ლიბანში მისი მოკავშირეების დაფინანსება და მხარდაჭერა, რაც რეგიონში კიდევ უფრო მეტ დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩს არ დაეთანხმა საფრანგეთის ელჩი. ფრანსუა დელატრიმ აღნიშნა, რომ ირანში მიმდინარე პროცესები მსოფლიო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ არ აყენებს, თუმცა მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებს დასავლეთი ყურადღებით დააკვირდეს.

გაერო-ს უშიშროების საგანგებო სხდომას ირანის ელჩიც ესწრებოდა, რომელმაც ირანში დაწყებულ ანტისახელისუფლო დემონსტრაციებში ვაშინგტონი დაადანაშაულა.