გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის“ საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიების მიზანია 2022 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული რიგით მეოთხე, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის“ მიზნებისა და ამოცანების წარდგენა, ასევე საუკეთესო სტრატეგიებისა და გზების განხილვა მისი ეფექტიანი განხორციელებისთვის.

სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია ის ამოცანები და ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს, რათა გააძლიეროს კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგოების უფლებების დაცვა, საჭიროებების იდენტიფიცირება და უზრუნველყოს ქალებისა და ახალგაზრდების სამშვიდობო პროცესებში, მშვიდობის მშენებლობის საქმიანობებში და გადაწყვეტილების მიღების პლატფორმებში მათი წარმომადგენლობის გაზრდა და ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობა.

ეროვნული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ, გაერო-ს ქალთა ორგანიზაცის ტექნიკური მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით. პროცესი მოიცავდა სამთავრობო უწყებების, შესაბამისი მუნიციპალიტეტების, ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას და მათთან რეგულარულ კონსულტაციებს. აღნიშნულმა მიდგომამ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ინკლუზიური და მონაწილეობითი პროცესი უზრუნველყო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, სპეციალური სტუმარი, ნატოს გენერალურ მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენე ფელინი. ღონისძიებას ჰიბრიდულ ფორმატში ესწრებოდნენ პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაზე საქართველოში, საჯარო უწყებებიდან, საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან.

ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით.