გაერო-ს უშიშროების საბჭომ ლიბიის შესახებ რეზოლუცია მიიღო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ლიბიის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ლიბიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი 18 იანვარს ბერლინში გამართულ კონფერენციაზე მიღწეულ შეთანხმებებს მოიცავს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას რუსეთმა თავი შეიკავა. საბჭოს დანარჩენმა 14 წევრმა კი ბრიტანეთის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

როგორც ლიბიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რეზოლუციის მიღება ლიბიის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. მან ყველა ქვეყანას, რომელსაც კავშირი აქვს ლიბიის კონფლიქტთან, იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს დაცვისკენ მოუწოდა.

19 იანვარს ბერლინის კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმება 55 პუნქტს მოიცავს და 16 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. შეთანხმება ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიან რეჟიმსა და ლიბიაში იარაღის მიწოდების აკრძალვას ითვალისწინებს.

როგორც მოსალოდნელია, ბერლინში გამართული შეხვედრის მონაწილე მინისტრები ლიბიის საკითხზე მოლაპარაკებებს 16 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებშიც გამართავენ.