გაერო-ს უშიშროების საბჭომ ავღანეთის საკითხზე რეზოლუცია მიიღო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ავღანეთის საკითხზე რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ავღანეთის საკითხზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი მოუწოდებს რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“, უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი იმ ადამიანებისთვის, ვინც ავღანეთის დატოვებას ცდილობს. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს.

დოკუმენტის მიხედვით, უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ „თალიბანს“, შეიქმნას უსაფრთხო ზონა, რათან ავღანელებმა 31 აგვისტოს შემდეგ ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მისვლა შეძლონ.

უშიშროების საბჭოს სხდომამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 31 აგვისტოს შემდეგ ევაკუაციის გაგრძელების საკითხზე თალიბებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რეზოლუცია ასევე მოიცავს მოთხოვნას, რომ ავღანეთის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შესაქმნელად ან ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფრად.