გაერო-ს უშიშროების საბჭო ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს
გაერო-ს უშიშროების საბჭო ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს

გაერო-ს უშიშროების საბჭო ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტს დღეს უყრის კენჭს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, რეზოლუცია არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოამზადა. როგორც მედია იუწყება, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გადადგა იშვიათი ნაბიჯი გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით, რომელიც გენერალურ მდივანს საშუალებას აძლევს, უშიშროების საბჭოს ყურადღება მიიქციოს ნებისმიერი საკითხისადმი, რომელმაც, მისი აზრით, შეიძლება საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

როგორც მედია წერს, გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის არცერთ წარმომადგენელს ეს არ გაუკეთებია ათწლეულების განმავლობაში. საბჭოსადმი მიწერილ წერილში გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ღაზაში ვითარებამ, შესაძლოა, გააძლიეროს არსებული საფრთხეები საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით.

მედიის ინფორმაციით, ეს იქნება საბჭოს წევრებს შორის ერთიანობის მოპოვების მეხუთე მცდელობა. საბჭომ მხარი არ დაუჭირა ოთხ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ იყო წარმოდგენილი.