გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - ივლისში რძის პროდუქტები 3.5 პროცენტით გაძვირდა, ხორცი კი 1.8 პროცენტით გაიაფდა
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - ივლისში რძის პროდუქტები 3.5 პროცენტით გაძვირდა, ხორცი კი 1.8 პროცენტით გაიაფდა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ივლისში 2.4 პროცენტით გაიზარდა და 94.2 ქულა შეადგინა. აღნიშნული, 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 1 პროცენტით აღემატება.

ივლისში მცენარეულ ზეთზე ფასები, წინა თვესთან შედარებით, 7.6 პროცენტით გაიზარდა და ბოლო 5 თვის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ფასების ზრდის მიზეზად პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა და ზეთის საწარმოო პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები სახელდება.

1.4 პროცენტითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსიც, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, საწარმოო პროცესის შენელებამ და ტაილანდში, გვალვის გამო შემცირებულმა მოსავალმა.

ივლისში 3.5 პროცენტიანი ფასების ზრდა რძესა და რძის ყველა პროდუქტს შეეხო, მათ შორის: კარაქს, ყველსა და რძის ფხვნილს.

ივნისთან შედარებით, 1.8 პროცენტითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი და ის წინა წლის ამავე პერიოდს მაჩვენებელს 9.2 პროცენტით ჩამორჩება. FAO-ს  ინფორმაციით, საქონლისა და ღორის ხორცზე ფასების ვარდნას ხელი შეუწყო პროდუქტის უხვმა მარაგებმა და მასზე არსებულმა დაბალმა მოთხოვნამ.

რაც შეეხება ფრინველის ხორცს, ბრაზილიაში შექმნილმა საწარმოო დეფიციტმა, რის მიზეზადაც ფრინველის საკვებზე გაზრდილი ფასები სახელდება, ფრინველის ხორცზე ფასები გაზარდა.

მიუხედავად სიმინდსა და სორგოზე ფასების მკვეთრი ზრდისა, ივლისში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. რაც შეეხება ბრინჯს, გამორჩეულად უხვი მარაგების გამო, ივლისში ბრინჯის ფასების ინდექსი შემცირდა.