გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - აგვისტოში მცენარეული ზეთი 5.9, შაქარი 6.7 პროცენტით გაძვირდა
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - აგვისტოში მცენარეული ზეთი 5.9, შაქარი 6.7 პროცენტით გაძვირდა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეულიზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – აგვისტოში 2.0 პროცენტით გაიზარდა და 96.1 ქულა შეადგინა. აღნიშნული, 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს შვიდი პროცენტით აღემატება, – ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ცნობით, აგვისტოში, მცენარეულ ზეთზე ფასები წინა, ივლისის, თვესთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა შეეხო, როგორც პალმის, ასევე მზესუმზირის ზეთს. ზრდის მიზეზად, საწარმოო პროცესში შექმნილი შეფერხებები და მსოფლიოს მასშტაბით, პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება. 6.7 პროცენტითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსიც, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ტაილანდში და ასევე ევროკავშირში, წარმოების შეფერხებამ და ჩინეთის მხრიდან პროდუქტზე გაზრდილმა მოთხოვნამ.

„აგვისტოში თითქმის უცვლელი დარჩა, FAO-ს რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ბალანსი ყველსა და რძის ფხვნილზე ფასების კლებამ და კარაქზე ფასების ზრდამ გამოიწვია. ფასების კლება განპირობებული იყო, ოკეანეაში რძისა და ყველის სეზონური მარაგების არსებობით. კარაქზე კი ფასმა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე აიწია. ასევე, ფაქტობრივად უცვლელი დარჩა ხორცის ფასების ინდექსიც, რომელმაც ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით დაიწია. საქონლისა და ღორის ხორცზე ფასების ვარდნას, ხელი შეუწყო პროდუქტის უხვმა მარაგებმა და მასზე არსებულმა დაბალმა მოთხოვნამ. ივლისთან შედარებით ორი პროცენტი, ხოლო, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით შვიდი პროცენტითაა მომატებული მარცვლეულის ფასების ინდექსი. სორგოზე ფასი 8.6 პროცენტით გაიზარდა და 33.4 ქულა შეადგინა. ზრდის მთავარ მიზეზად, ჩინეთის მხრიდან მარცვლეულზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება. რაც შეეხება ბრინჯს, მიუხედავად მარცვლეულის უხვი სეზონური მარაგებისა, პროდუქტზე ფასები 2.2 პროცენტით გაიზარდა. ზრდას ხელი შეუწყო აფრიკაში მარცვლეულზე მაღალმა მოთხოვნამ“, – ნათქვამია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.