გაერო-ს სპეციალურ სესიაზე კახა იმნაძემ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, უკან წაიღოს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. აღიარება და იგივე გაიმეოროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით
გაერო-ს სპეციალურ სესიაზე კახა იმნაძემ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, უკან წაიღოს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. აღიარება და იგივე გაიმეოროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე 28 თებერვალს სიტყვით გამოვიდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სპეციალურ სესიაზე, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა უკრაინაში შექმნილი ვითარება.

გაერო-ში საქართველოს მისიის ინფორმაციით, საგანგებო სპეციალური სესია მოწვეულ იქნა 27 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული პროცედურული რეზოლუციის (2623 (2022)) საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია 1997 წლის შემდეგ არ გამართულა.

„ეროვნულ განცხადებაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნძემ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები გაერო-ს ქარტიის მე-2 (4) მუხლს არღვევს და გაერო-ს გენერალური ასამბლეის 3314-ე რეზოლუციის თანახმად, აგრესიის აქტს წარმოადგენს. კახა იმნაძემ, სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა რუსეთს და ხაზი გაუსვა ომის უმძიმეს შედეგებს, რომელსაც ყველაზე მეტად მშვიდობიანი მოქალაქეები, უდანაშაულო ადამიანები, ქალები და ბავშვები ეწირებიან.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, გაეროს ქარტიის, ჰელსინიკის ფინალური აქტისა და პარიზის ქარტიის ძირითადი პრინციპების უგულვებელყოფა, ისევე როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაუშვებელია და გადახედვას არ ექვემედბარება. ისევე როგორც, უკანონო და დაუშვებელია ტერიტორიის ძალისმიერი გზით ან მისი მუქარით მიერთება.

საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან; ხელი არ შეუშალოს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას; უკან წაიღოს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და იგივე გაიმეოროს საქართველოსთან მიმართებით – გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, დაუშვას აღნიშნულ რეგიონებში ჰუმანიტარული წვდომა და უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ე.წ. აღიარების გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია გაერო-ში საქართველოს მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.