გაერო-ს პრესსპიკერი - გენერალური მდივანი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები როგორც კულტურულ საკუთრებაზე, ასევე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე
გაერო-ს პრესსპიკერი - გენერალური მდივანი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები როგორც კულტურულ საკუთრებაზე, ასევე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები ოდესაზე, – ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებაშია ნათქვამი.

„გენერალური მდივანი მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ოდესაზე, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, დააზიანა იუნესკო-ს მიერ დაცული ფერისცვალების ტაძარი და სხვა ისტორიული შენობები ოდესის ისტორიულ ცენტრში, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. გარდა იმ საშინელი დანაკარგებისა, რომელსაც ომი სამოქალაქო პირების სიცოცხლეს უქმნის, ეს არის მორიგი თავდასხმა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციით დაცულ ტერიტორიაზე, რაც არღვევს 1954 წლის ჰააგის კონვენციას შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სტეფან დუჟარიკმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია იმ საფრთხის გამო, რომელსაც ომი უქმნის უკრაინულ კულტურასა და მემკვიდრეობას.

მისივე თქმით, 2022 წლის 24 თებერვლიდან იუნესკო-მ დაადასტურა, რომ უკრაინაში 270 კულტურული ობიექტი დაზიანდა, მათ შორის 116 რელიგიური ადგილი.

„გენერალური მდივანი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები კულტურულ საკუთრებაზე, რომელიც დაცულია ფართოდ რატიფიცირებული საერთაშორისო ნორმატიული დოკუმენტებით. გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ცენტრზე. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დანგრეულია ექვსი საცხოვრებელი სახლი. ასევე, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია ოდესის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი – ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.