გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის კვლევის მიხედვით, საქართველოში გენდერული ნიშნით აბორტის რაოდენობა შემცირდა
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის კვლევის მიხედვით, საქართველოში გენდერული ნიშნით აბორტის რაოდენობა შემცირდა

საქართველოში გენდერული ნიშნით აბორტის რაოდენობა შემცირდა, – ამის შესახებ ღონისძიებაზე განაცხადეს, რომელზეც გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა წარადგინა რეკომენდაციები კვლევის – „სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე საქართველოში“.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET) ერთად ჩაატარა კვლევა, რა გავლენას ახდენს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევაზე.

2018 წელს არსებული მონაცემების სიღრმისეული ანალიზით აღმოჩნდა, რომ საქართველოში გენდერული ნიშით აბორტის რიცხვმა იკლო, რაც კვლევის ავტორების აზრით, განპირობებულია როგორც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებით, ასევე საზოგადოებაში გენდერული საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებით.

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, გაერო-ს მოსახლეობის ფონდი კვლევაზე დაყრდნობით შესაბამის რეკომენდაციებსაც შეიმუშავებს და გამოცდილებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც გაუზიარებს.

მათივე თქმით, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, რომელიც გენდერული დისკრიმინაციის ყველაზე რადიკალური გამოვლინებაა, დაბადებამდე ნაყოფის სქესის შერჩევას გულისხმობს. ის განპირობებულია საზოგადოებაში ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭებით.