გაერო-ს მონაცემებით, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილის ზღვარზეა
გაერო-ს მონაცემებით, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილის ზღვარზეა

გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიხედვით, ავღანეთში 22,8 მილიონი ადამიანი, მათ შორის 3,2 მილიონი ბავშვი, შიმშილის ზღვარზეა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის განცხადებით, ავღანეთში მსოფლიოში ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისია და კატასტროფამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი.

გვალვამ, შეიარაღებულმა კონფლიქტმა, კორონავირუსის პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ნეგატიური გავლენა იქონია ავღანელების ცხოვრებაზე და სურსათის ხელმისაწვდომობაზე. ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვის შემდეგ, ავღანეთში შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რიცხვი 37%-ით გაიზარდა. წლის ბოლომდე არასაკმარისმა კვებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ხუთ წლამდე ასაკის 3,2 მილიონი ბავშვის ჯანმრთელობაზე, ხოლო მათგან დაახლოებით მილიონი შესაძლოა დაიღუპოს, თუ არ მიიღებენ სასწრაფო დახმარებას.

ავღანეთი საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული. მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 40 პროცენტი საგარეო დახმარებაზე მოდის. ამჟამად, ავღანელთა უმეტესობა საკუთარ ქონებას ყიდის, რათა საკვები შეიძინოს. არსებული ვითარება უფრო გამწვავდა დაჯგუფება „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რადიკალური დაჯგუფების მიერ ფორმირებულ მთავრობას საზღვარგარეთულ აქტივებზე წვდომა შეუზღუდეს, რის გამოც სახელმწიფო მოხელეები და სხვა მუშაკები ვერ იღებენ ხელფასს.

სექტემბერში საერთაშორისო საზოგადოებამ ავღანეთისთვის დახმარების სახით მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, თუმცა მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომ ეს ზღვაში წვეთია და მდგომარეობის გამოსასწორებლად თვეში დაახლოებით 220 მილიონი დოლარის მობილიზებაა საჭირო.