გაერო-ს კომისია - რუსეთის შეიარაღებული ძალებს მიზანმიმართულად მიაქვთ დარტყმები მშვიდობიან უკრაინელებზე
გაერო-ს კომისია - რუსეთის შეიარაღებული ძალებს მიზანმიმართულად მიაქვთ დარტყმები მშვიდობიან უკრაინელებზე

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიერ დაფუძნებული, უკრაინაში დარღვევების გამოძიებაზე მომუშავე დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის ანგარიშის თანახმად, რუსი სამხედროების მიერ მართული დრონები არაერთხელ დაესხნენ თავს მშვიდობიან მოქალაქეებს, რასაც მოჰყვა მსხვერპლი და მასშტაბური ნგრევა.

კომისია მიუთითებს, რომ რუსი სამხედროების ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ორი დანაშაულის ტოლფასია. საუბარია „მოსახლეობის მკვლელობასა და იძულებით გადაადგილებაზე“, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების „დეპორტაციებზე“, რა დროსაც ადამიანების ნაწილი აწამეს.

როგორც კომისიაში აცხადებენ, რუსული დრონების თავდასხმები წარმოადგენდა სისტემატურ და კოორდინირებული ქმედებებს და მიზნად ისახავდა უკრაინელების თავიანთი სახლებიდან განდევნას, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროების სამიზნე ხშირად ხდებოდა საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულებები და სხვა სამოქალაქო ობიექტები. ასევე საგანგებო სამსახურები, მათ შორის სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები, რომლებსაც საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობა იცავს.

ანგარიშში ასევე წერია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანთა ჯგუფების დეპორტაციის კოორდინაციას რუსეთის ხელისუფლება ახდენდა. ამასთან, ზოგიერთ მოქალაქეს აგზავნიდნენ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ნაწილს კი – საქართველოში.

დოკუმენტში აღნუსხულია მოქალაქეების დაკავების, მათი დოკუმენტების კონფისკაციისა და წამების ფაქტები, რაც, გაერო-ს კომისიის შეფასებით, წარმოადგენს „არაადამიანურ მოპყრობას და ფასდება, როგორც სამხედრო დანაშაული“.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ანგარიში ეფუძნება ღიად ხელმისაწვდომ 500 ვიდეოჩანაწერს, რომელთაგან 247 ტექნიკურად გადამოწმებულია, ასევე უკრაინის 226 მოქალაქის ინტერვიუს. დამოუკიდებელმა კომისიამ ასევე შეისწავლა რუსული მხარის განცხადებები, რომლებშიც საუბარია უკრაინელების მხრიდან რუსეთის მერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით მიტანილი იერიშების შესახებ. თუმცა, კომისიის წევრების განცხადებით, მათ ვერ შეძლეს დასკვნის გაკეთება, რადგანაც ამ ტერიტორიაზე წვდომა შეზღუდული ჰქონდათ, ხოლო რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პასუხები ვერ მიიღეს.