გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინელების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინელების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინელების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო. აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა.

ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციის ასამბლეამ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს პალესტინელების ტერიტორიის „დაცვის საერთაშორისო მექანიზმის“ გამოყენება შესთავაზა. გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ტექსტი ალჟირის, თურქეთისა და პალესტინის მიერ იყო ინიცირებული

გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელმა, დანი დანონმა განაცხადა, რომ რეზოლუცია მისი ქვეყნისთვის თავდაცვის უფლების ჩამორთმევის მცდელობაა. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ რეზოლუციის სასარგებლოდ ხმის მიცემის შემთხვევაში ისინი რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ გააძლიერებენ.

ამის პარალელურად, გენერალურ ასამბლეაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეზოლუციისთვის ერთი პუნქტის დამატების მცდელობის დროს მარცხი განიცადა. შტატები მოითხოვდა, რომ დოკუმენტში დაემატებინათ პუნქტი, რომელიც მოძრაობა „ჰამასის“ ქმედებებს დაგმობდა. თუმცა რეზოლუციაში ცვლილების შესატანად ხმების ორი-მესამედი იყო საჭირო. მას კი მხარი მხოლოდ 62-მა ქვეყანამ დაუჭირა.

მხოლოდ 2018 წელს ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე ებრაელ ჯარისკაცებსა და პალესტინელებს შორის მომხდარ დაპირისპირებებს სულ მცირე 129 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა.