გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ლტოლვილების შესახებ პაქტი დაამტკიცა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ლტოლვილების შესახებ პაქტი დაამტკიცა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ლტოლვილების შესახებ პაქტი დაამტკიცა. დოკუმენტს გაერო-ს 193 წევრიდან 181-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ. ორმა – აშშ-მა და უნგრეთმა – წინააღმდეგ მისცა ხმა, სამმა – ლიბიამ, ერიტრეამ და დომინიკის რესპუბლიკამ – თავი შეიკავა.

ლტოლვილების შესახებ პაქტი სამართლებრივად სავალდებულო არ არის. ის ითვალისწინებს ისეთი ქვეყნების დახმარებას, რომელთა მშპ დაბალია და რომლებიც ამავე დროს დიდი რაოდენობით არალეგალ მიგრანტებს იღებენ.

დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები იმ სახელმწიფოებს, სადაც ბევრი ლტოლვილია, ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას აღმოუჩენენ. პაქტმა ასევე უნდა გაუმარტივოს ლტოლვილებს შრომის ბაზრისადმი, განათლების სისტემისა და ჯანდაცვისადმი წვდომა.

როგორც ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა, პაქტის დახმარებით გაერო იმედოვნებს, რომ მიგრაციული კრიზისების დაძლევა გამარტივდება, ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებული ტვირთი კი უფრო სამართლიანად განაწილდება.

გაერო-ს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 70 მილიონი ლტოლვილია, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დღეს ყველაზე მეტი ლტოლვილი თავს აფარებს თურქეთს, პაკისტანს, უგანდასა და ლიბანს.

აღსანიშნავია, რომ 10 დეკემბერს გაერო-ს მთავრობათაშორისი კონფერენციის მონაწილეებმა მაროკოში ხელი მოაწერეს უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულირებადი მიგრაციის შესახებ გლობალურ კომპაქტს, რომელიც მიგრანტებისადმი საერთო მიდგომებს ადგენს. დოკუმენტი არალეგალური მიგრაციის შესამცირებლად ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას ითვალისწინებს.