გაერო-ს გენერალური მდივანი ვენაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს
გაერო-ს გენერალური მდივანი ვენაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში ვენაში თავდასხმას ეხმაურება. გენერალური მდივანი დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

განცხადება ანტონიუ გუტიერეშის პრესსპიკერმა, შტეფან დუჟარიკმა გააკეთა.

„გენერალური მდივანი უდიდესი შეშფოთებით აკვირდება ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციას. ანტონიუ გუტიერეში მკაცრად გმობს მომხდარ თავდასხმას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას ავსტრიის ხალხისა და მთავრობის მიმართ“, – განაცხადა შტეფან დუჟარიკმა.

ვენაში თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა. თავდაპირველად, სროლა იყო ქალაქის ცენტრში განთავსებულ სინაგოგასთან. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელები ქალაქის სხვადასხვა უბანში იმყოფებოდნენ. ვენის მერის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში სროლების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 15 ადამიანი.

უცხოურ მედიაში გარდაცვლილების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. „გარდიანის“ ცნობით, გარდაცვლილებს შორის ერთი თავდამსხმელია.

ამასთან, ქვეყნის შს მინისტრის ინფორმაციით, ერთ თავდამსხმელს პოლიცია კვლავ ეძებს. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.