გაერო-ს გენერალური მდივანი მხარეებს იდლიბში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გაერო-ს გენერალური მდივანი მხარეებს იდლიბში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

იდლიბში ვითარების ესკალაციის გამო, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

გენერალური მდივანი ასევე შიშობს, რომ სამხედრო მოქმედებების ესკალაციის გამო, მშვიდობიან მოსახლეობა რისკის ქვეშაა.

„გენერალური მდივანი უკიდურესი შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სიტუაციის ესკალაციას და ინფორმაციას ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ათობით თურქი ჯარისკაცის შესახებ. გენერალური მდივანი კვლავ აგრძელებს მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ და განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ რისკის გამო, რაც სამხედრო მოქმედებების ესკალაციის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება,“ – ნათქვამია გაერო-ს პრესსპიკერის განცხადებაში.

იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია. დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე მოხდა. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.

დატოვე კომენტარი