გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შეხვდა. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლობას.

მიმდინარე საკითხებზე საუბრისას მინისტრები მიესალმნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფარგლებში შეხვედრების განახლებას და მხარეთა მზაობას კონსტრუქციული მიდგომით გადაწყდეს აღნიშნული საკითხი. დადებითი შეფასება მიეცა ექსპერტთა ჯგუფების მუშაობას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დაუზუსტებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით.

დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო-სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში გაიმართება. დადებითი შეფასება მიეცა სუამ-ის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობას და გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სუამ-ის მინისტერიალების გამართვის რეგულარულ პრაქტიკას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.