გაერო-ს გენერალური ასამბლეა დღეს დნესტრისპირეთიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანის შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს
გაერო-ს გენერალური ასამბლეა დღეს დნესტრისპირეთიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანის შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს

გაერო-ს გენერალური ასამბლეა დღეს დნესტრისპირეთიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანის შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს.

დოკუმენტი რუსეთს მოლდოვის ტერიტორიიდან ჯარებს გაყვანისკენ მოუწოდებს.

როგორც მოლდოვური ტელეკომპანია Publika იუწყება, მოლდოვის გარდა, რეზოლუციის პროექტის ხელმომწერები არიან საქართველო, უკრაინა, რუმინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი და კანადა.

რეზოლუციის პროექტის ავტორები მოუწოდებენ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს, მოსთხოვონ რუსეთს „სრულად, უპირობოდ და გადავადების გარეშე დაასრულოს რუსეთის ძალების ოპერატიული ჯგუფის გაყვანა“, 1999 წელს სტამბოლში გამართულ ეუთო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით.

როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტუდორ ულიანოვიშმა აღნიშნა, დოკუმენტში საუბარი არაა რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანაზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის მიხედვით, მოლდოვა ნეიტრალური სახელმწიფოა და მის ტერიტორიაზე უცხო ჯარების ყოფნა უკანონოა. რეზოლუციის პროექტი გაერო-ს წევრებს მოუწოდებს, სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივი სცენ და არ გამოიყენონ ძალა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რეზოლუციის პროექტს კონტრპროდუქტიული და დესტრუქციული უწოდეს.