გაერო-ს გენერალურ მდივანს 38-მა ქვეყანამ რუსეთში დაპატიმრებული ოლეგ სენცოვის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა
გაერო-ს გენერალურ მდივანს 38-მა ქვეყანამ რუსეთში დაპატიმრებული ოლეგ სენცოვის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა

38 ქვეყანა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გიტიერეშს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაპატიმრებული რეჟისორის, ოლეგ სენცოვისა და სხვა უკრაინელი პოლიტპატიმრების საკითხი განიხილოს. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, 38-მა ქვეყანამ, რომელთა შორის არიან აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, გაერო-ს გენერალურ მდივანს წერილით მიმართა.

ანტონიუ გუტიერეშისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები მოსკოვში 20 ივნისს არის დაგეგმილი. წერილში აღნიშნულია, რომ სენცოვის საკითხი დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს.

„ამ პრობლემების დარეგულირებაში გაერო-ს ჩართულობა მისასალმებელია და ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა მომდევნო ნაბიჯს, რომელიც მიმართულია უკანონოდ დაკავებულების მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისკენ“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გუტიერეშს გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ ელჩენკომ გადასცა.

რეჟისორი ოლეგ სენცოვი ყირიმში 2014 წელს დააკავეს. 2015 წლის აგვისტოში მას სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რუსეთის ხელისუფლება სენცოვს ყირიმის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფების შექმნაში ადანაშაულებს. ამავე საქმეზე ალექსანდრ კოლჩენკოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ოლეგ სენცოვი პროტესტის ნიშნად უკვე თვეზე მეტია შიმშილობს.

ევროპარლამენტმა 13 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას სენცოვის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.