გაერო-ს განვითარების პროგრამის აღმასრულებელმა საბჭომ 2021-2025 წლებისთვის საქართველოში UNDP-ის საქმიანობის საპროგრამო დოკუმენტი დაამტკიცა
გაერო-ს განვითარების პროგრამის აღმასრულებელმა საბჭომ 2021-2025 წლებისთვის საქართველოში UNDP-ის საქმიანობის საპროგრამო დოკუმენტი დაამტკიცა

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) აღმასრულებელმა საბჭომ, პირველი რეგულარული სესიის ფარგლებში, დაამტკიცა 2021-2025 წლებისთვის საქართველოში UNDP-ის საქმიანობის საპროგრამო დოკუმენტი (Country Programme Document).

საქართველოში გაერო-ს მისიის ინფორმაციით, დოკუმენტი მოიცავს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას: 1. მმართველობის გაუმჯობესება თანასწორობისა და მართლმსაჯულებისთვის; 2. მწვანე, სუფთა და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი გარემოს შენარჩუნება; 3. რეგიონების პოტენციალის განვითარება; 4. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

აღმასრულებელი საბჭოს სესიაზე განცხადება გააკეთა გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ. თავის გამოსვლაში მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საპროგრამო დოკუმენტი (CPD) სრულად შეესაბამება განვითარების ეროვნულ პრიორიტეტებს და ხელს უწყობს ქვეყნის ძალისხმევას მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის შესრულების პროცესში.

კახა იმნაძემ მადლობა გადაუხადა UNDP-ის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით შეტანილი წვლილისთვის, ასევე, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარებისთვის.

მუდმივმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა UNDP-თან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.