გაერო-ს გამომძიებლის განცხადებით, ირანი სიკვდილით ფარულ დასჯას შემაშფოთებელი სისწრაფით ახორციელებს
გაერო-ს გამომძიებლის განცხადებით, ირანი სიკვდილით ფარულ დასჯას შემაშფოთებელი სისწრაფით ახორციელებს

გაერო-ს გამომძიებლის განცხადებით, ირანი სიკვდილით ფარულ დასჯას შემაშფოთებელი სისწრაფით ახორციელებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

გაერო-ს დამოუკიდებელმა გამომძიებელმა, ჯავაიდ რეჰმანმა გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტს განუცხადა, რომ გასული წლის მანძილზე ირანმა ფარულად 250 ადამიანი სიკვდილით დასაჯა, მათ შორის სულ მცირე ოთხი არასრულწლოვანი, ხოლო წელს 230 ადამიანი, მათ შორის ცხრა ქალი და ერთი არასრულწლოვანი.

რეჰმანის განცხადებით, ირანი სიკვდილით დასჯას შემაშფოთებელი სისწრაფით ახორციელებს, ხოლო ოფიციალური სტატისტიკის არარსებობა და სიკვდილით დასჯის შესახებ გამჭვირვალობის ნაკლებობა ართულებს შესაბამისი შემოწმების განხორციელებას.

რეჰმანის განცხადებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ირანის მიერ სიკვდილით დასჯის შესახებ გამოტანილი განაჩენის საფუძვლებიც, როგორიცაა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაურკვეველი ბრალდებები. გარდა ამისა, ირანში სასამართლო პროცესებიც ხარვეზით მიმდინარეობს და არ არსებობს ელემენტარული იურიდიული გარანტიებიც კი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაერო-ს გამომძიებლის თქმით, ირანში აუცილებელია სასამართლო რეფორმების გატარება, პირველ ყოვლისა კი, არასრულწლოვანთა სიკვდილის დასჯის მორატორიუმი უნდა განხორციელდეს.

რეჰმანის მიხედვით, ირანში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც საერთო მდგომარეობა რჩება მძიმედ. მის თქმით, საპატიმროებში ფართოდ გამოიყენება პატიმართა წამების პრაქტიკა, ხოლო დამნაშავეთა ოჯახის წევრები განიცდიან დევნას. დაშინებისა და დევნის პრაქტიკა გამოიყენება უფლებადამცველებზე, ჟურნალისტებზე, იურისტებზე და უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგაც. რეჰმანის თქმით, ხელისუფლებისთვის კვლავაც დამახასიათებელია სასიკვდილო ძალის გამოყენება უაიარაღო ადამიანების წინააღდეგ და მაგალითად მან ხუზესტანის პროვინციაში გამართული აქციები მოიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ირანში სიკვდილის დასჯის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ამნესთი ინთერნეიშენალმაც“, სადაც აღნიშნულია, რომ გასულ წელს რეგიონში სასიკვდილო განაჩენის აღსრულებით პირველ ადგილზე ირანია, შემდეგ კი ეგვიპტე, ერაყი და საუდის არაბეთი.