გაერო-ს ექსპერტები - დასავლური ძალები შესაძლოა იემენში ომის დანაშაულში არიან პასუხისმგებლები
გაერო-ს ექსპერტები - დასავლური ძალები შესაძლოა იემენში ომის დანაშაულში არიან პასუხისმგებლები

დასავლური ძალები შესაძლოა იემენში ომის დანაშაულში არიან პასუხისმგებლები. ამის შესახებ გაერო იუწყება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ექსპერტების ცნობით, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და ირანი შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალოდ ჩართულ მხარეებს ეხმარებიან. მათივე შეფასებით, ამ მხარდაჭერის შედეგად შესაძლოა, ქვეყანაში მომხდარ ძალადობის ფაქტებში პასუხისმგებლები იყვნენ.

გაერო-ს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, აღნიშნული დასავლური სახელმწიფოები საუდის არაბეთის კოალიციას უჭერენ მხარს. საუდის არაბეთი თავის მხრივ იემენში ხელისუფლებას სპეციალურად შექმნილი კოალიციის საშუალებით პრაქტიკულ დახმარებას უწევს. პარალელურად, ირანი იემენის კონფლიქტის მეორე უშუალო მონაწილეს – შიიტ ჰუსიტებს ეხმარება.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში განმარტებულია, რომ კონფლიქტის უშუალო მონაწილეები ომის დანაშაულს ამ დრომდე ჩადიან. ანგარიშში მაგალითად არის მოყვანილი ავიაიერიშები, რომლებიც მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება. ამასთან, დოკუმენტში მოყვანილია უკანონო დაკავებების, ძალადობის, წამების და გაუპატიურების ათობით შემთხვევა. აღნიშნული დოკუმენტი 600 ადგილობრივის დეტალური გამოკითხვის შედეგად არის შედგენილი.

ამის პარალელურად, ექსპერტებმა შეისწავლეს საუდის არაბეთის კოალიციის მიერ წარმოებული ავიაიერიშები და ამბოხებული შიიტი ჰუსიტების ოპერაციები, რომლებიც პირდაპირ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არის განხორციელებული და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.

გაერო-ს მონაცემებით, ოთხწლიანი კონფლიქტის დროს იემენში 7 290 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 24 მილიონ ადამიანს, ანუ მოსახლეობის 80 პროცენტს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება, მათგან 10 მილიონი პირი კი, საკვების სერიოზულ დეფიციტს განიცდის. გაერო-ს ექსპერტების შეფასებით, ქვეყანა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე იმყოფება.