გაერო-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ იემენში საუდის არაბეთის ავიაიერიშები შესაძლოა, ომის დანაშაულად ჩაითვალოს
გაერო-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ იემენში საუდის არაბეთის ავიაიერიშები შესაძლოა, ომის დანაშაულად ჩაითვალოს

საუდის არაბეთის კოალიციის მიერ იემენში განხორციელებული ავიაიერიშები შესაძლოა, ომის დანაშაულად ჩაითვალოს. ამის შესახებ გაერო-ს ადამიანთა უფლებების დამცველმა ექსპერტებმა განაცხადეს. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ბაზრებზე, სამედიცინო დაწესებულებებში, სათევზაო ნავებსა და საქორწილო ცერემონიებზე საჰაერო შეტევების დროს ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებოდნენ.

გაერო-ს ექსპერტების განცხადებით, ომის დანაშაულებს საუდის არაბეთის კოალიციასთან ერთად, ამბოხებული ჰუსიტებიც სჩადიოდნენ. ისინი ქალაქში არსებულ სტრატეგიულ ობიექტებს თავს ესხმოდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გამოყოფილ ჰუმანიტარულ ტვირთს გზებს უკეტავდნენ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა ომის დანაშაულად შეაფასეს.
გაერო მსგავს დანაშაულებში საუდის არაბეთსაც ამხელს. ექსპერტების ცნობით, საერთაშორისო კოალიციამ წითელი ზღვის პორტებსა და სანაას აეროპორტში სერიოზული შეზღუდვები დააწესა, რის გამოც იემენში ჰუმანიტარული დახმარება ვერ შედიოდა. საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ეს საერთაშორისო დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს.

გაერო-ს აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით, საუდის არაბეთს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

იემენში სამოქალაქო დაპირისპირება 2015 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში მცხოვრები შიიტი ჰუსიტები ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდნენ. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა თავი მეზობელი სახელმწიფოსთვის შეეფარებინა.  კონფლიქტში საუდის არაბეთიც ჩაერთო. მის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კოალიცია თავდასხმებს ამბოხებულების პოზიციებზე ახორციელებდა. შიიტ ჰუსიტებს კი არაოფიციალურად ასევე შიიტური ირანი ეხმარებოდა.
2015 წლის შემდეგ მიმდინარე კონფლიქტს, გაერო-ს მონაცემებით, 50 ათასამდე ადამიანი შეეწირა. მათი დიდი ნაწილი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. 3 მილიონზე მეტი კი, იძულებული გახდა, მშობლიური სახლი დაეტოვებინა.