გაერო-ს ჟენევის ოფისში პოლონეთის წარმომადგენელი - ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ
გაერო-ს ჟენევის ოფისში პოლონეთის წარმომადგენელი - ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ

გვსურს, დავადასტუროთ, რომ ვაფასებთ საქართველოს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც ადასტურებს მის ვალდებულებას ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი, – ამის შესახებ განაცხადა გაერო-ს ჟენევის ოფისში პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ​ჟბიგნევ​ ჩეხმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას.

მისივე თქმით, პოლონეთი აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ და ადამიანის უფლებების დაცვისკენ.

„ამ კონტექსტში ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გაერო-სთან, ასევე ადამიანია უფლებების სფეროში რეგიონულ მექანიზმებთან თანამშრომლობას. მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა ამ მიმართულებით. მიუხედავად ამისა, საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვითარება კვლავ უარესდება.

მკაცრად ვგმობთ ხელოვნური ბარიერების უკანონო ინსტალაციის მიმდინარე პროცესს, რაც სერიოზულად აზარალებს ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ვგმობთ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. ასევე შეშფოთებულები ვართ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფით სეპარატისტულ რეგიონებში. ამას გარდა, პოლონეთი შეშფოთებულია, რომ დევნილებს და ლტოლვილებს კვლავ არ აქვთ უფლება, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში.

და ბოლოს, ჩვენ გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას, რომ საერთაშორისო რეგიონულ დამკვირვებლებს, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა მექანიზმს, სისტემურად ეუბნებიან უარს საქართველოს რეგიონებში დაშვებაზე ისინი, ვინც ადგილზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებენ“,- განაცხადა გაერო-ში პოლონეთის წარმომადგენელმა.

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. რეზოლუცია 20 ხმით ორის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კენჭისყრაზე თავი შეიკავა 24-მა ქვეყანამ.