გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოს განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მისცა
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოს განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მისცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა, ​ღასან ხალილმა ღია წერილი გამოუგზავნა, რომელშიც უმაღლეს შეფასებას აძლევს მინისტრის ხელმძღვანელობით განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, წერილში ღაზან ხალილი მიხეილ ჩხენკელს მადლობას უხდის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის არსებული მრავალწლიანი, ნაყოფი ერითანამშრომლობისთვის და ულოცავს იმ წარმატებას, რასაც სამინისტრომ პანდემიის პერიოდში, განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებებით მიაღწია.

„ბატონო მინისტრო, პირველ რიგში, ნება მიბოძეთ, გამოვხატო მადლიერება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის არსებული უწყვეტი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ თქვენი ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმების დღის წესრიგს განათლების სფეროში, რომელიც ორიენტირებულია ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე.

ასევე, ნება მომეცით გამოვიყენო შესაძლებლობა და გულწრფელად მოგილოცოთ წარმატება, რომელსაც მიაღწია სამინისტრომ თქვენი ხელმძღვანელობით, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში, შექმნილი გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. შთამბეჭდავია სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, მოსწავლეებისთვის სწავლის უწყვეტ რეჟიმში გაგრძელების უზრუნველყოფისთვის გადადგმული ნაბიჯები და გაწეული სამუშაო.

მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა და დავადასტურო გაეროს ბავშვთა ფონდის უწყვეტი მხარდაჭერის მზაობა“, – აღნიშნულია საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის წერილში, რომელსაც განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.