გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი - ვიმედოვნებთ, მეტი ადამიანი აიცრება, რადგან ვაქცინაციას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
საქართვლოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი აცხადებს, რომ „იუნისეფმა“ დიდი ძალისხმევა გაწია, რათა საქართველოს ვაქცინა 13 მარტს მიეღო. მისივე თქმით, ახლა საჭიროა მუშაობა, რომ ხალხი აიცრას.
როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ამბობს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სიცოცხლეს იცავს, ამიტომ ვაქცინაცია აუცილებელია. მისივე თქმით, საზოგადოებაში იმუნური ფენის შესაქმნელად მოსახლეობის 70-80 პროცენტი მაინც უნდა იყოს აცრილი.
„იუნისეფი“ თანამშრომლობს „გავისთან“ და „კოვაქსის“ საშუალებით უზრუნველყოფენ, რომ ქვეყნებმა მიიღონ „კოვიდ-19“-ის ვაქცინები. „იუნისეფმა“ დიდი ძალისხმევა გაწია, რათა საქართველოში ვაქცინა 13 მარტს ჩამოსულიყო. ახლა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხალხი აიცრას, მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს. დიახ, სიმართლეა, რომ ჯერ არც ისე ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა კომუნიკაციის გეგმების გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციისთვის მეტი ადამიანი დარეგისტრირდება. „კოვიდ-19“-ის ვაქცინა სიცოცხლეს იცავს და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ საზოგადოებაში ჯოგური იმუნიტეტი შეიქმნას. ეს მოითხოვს სულ მცირე მოსახლეობის 70-80 პროცენტის ვაქცინაციას“, – განაცხადა ღასან ხალილმა.
რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგი პარტიის მიღებას, ხალილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ ვაქცინის მისაღებად ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადადგა. მისივე განცხადებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი ამ მიმართულებით საქართველოს მხარს უჭერს.
„მთავრობამ გადადგა ყველა აუცილებელი ნაბიჯი ვაქცინის მისაღებად. „იუნისეფი“ სრულად უჭერს მხარს, ჩვენ მივყვებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურ გაიდლაინს. ვიმედოვნებთ, ყველაფერი გრაფიკის მიხედვით წარიმართება და მეტი ადამიანი აიცრება, რადგან ვაქცინაციას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“, – განაცხადა ღასან ხალილმა.