გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოში - სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის საპასუხოდ, 2019 წელს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი
გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოში - სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის საპასუხოდ, 2019 წელს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი

გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მონაცემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის საპასუხოდ, 2019 წელს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი.

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი პანელური კვლევაა, რომელიც 2009 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევა გამოიყენება უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორების გასაზომად, მონაცემების მოსაპოვებლად განათლებისა და ჯანდაცვის, ბავშვთა კეთილდღეობის, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში. კვლევის შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციები პოლიტიკის შემქმნელებს აწვდის სათანადო ინფორმაციას სისტემური ცვლილებების განხორციელებისთვის, რათა ქვეყანაში გაძლიერდეს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სისტემები.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები 2009-2017 წლებში შემდეგია: 2009 – 11.5%; 2011 – 9.4%; 2013 – 6%; 2015 – 2.5%; 2017 – 6.8%.

2011 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებმა გამოიწვია დისკუსია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შესახებ, რის შედეგადაც გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2013-2015 წლებში მოხდა აღნიშნული პროგრამის გადასინჯვა. რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა ბავშვებისათვის სპეციალური ფულადი დანამატი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში.

სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის საპასუხოდ, 2019 წელს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი. ამჟამად, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, მთავრობა ახორციელებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის და ბავშვთა ფულადი დანამატების ზეგავლენის სიღრმისეულ შეფასებას. შეფასების შედეგები ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლოს“, – აცხადებს გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოში.