საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდი ბავშვებისა და მოზარდების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევას ჩაატარებს
საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდი ბავშვებისა და მოზარდების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევას ჩაატარებს

საქართველოში, ბავშვებისა და მოზარდების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა ჩატარდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ კვლევა, რომელსაც გაერო-ს ბავშვთა ფონდი ჩაატარებს,  მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი იქნება.

საქართველოს მასშტაბით შემოწმდება 1500 ბავშვი.

პრაქტიკოსი ექიმებისთვის სემინარი დღეს  ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზიად კაზმა ჩაატარა. სემინარის მიზანია, ქართველმა ექიმებმა შეძლონ დაავადების მიზეზების გამოვლენა, აღწერონ ბავშვებში ტყვიის ტოქსიკურობის კლინიკური გამოვლინებები და განიხილონ ტყვიის მომატებული მაჩვენებლების მართვა.

,,ტყვიის პრობლემა გლობალური და მნიშვნელოვანი პრობლემაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. 800 000 ადამიანი ყოველწლიურად ტყვიის ქრონიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული გართულებებით იღუპება.  გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, წელს სექტემბრიდან ქვეყანაში იგეგმება, ე.წ. მიკროინდიკატორული მიქს-კვლევა. ეს არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ბავშვის განვითარების შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას. ჩვენი თხოვნით, ამ კვლევას წელს დაემატა ტყვიის კომპონენტი და მიმდინარეობს კვლევის ჩასატარებელი მზადება.  დღევანდელი სემინარი ამ მზადების ერთ-ერთი ეტაპია“,-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ   წლის ბოლოს უკვე იქნება მტკიცებულებაზე დაფუძნებული​ ინფორმაცია, თუ რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე.

„როდესაც  მასმედიის საშუალებებში ჩნდება ინფორმაცია, რომ ამერიკაში, ქართულ სუნელებში გამოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა, ეს რეალურად არის ცალკეული შემთხვევები. 2015- 2017 წლებში ჩვენ ჩავატარეთ კვლევა იაშვილის კლინიკის ბაზაზე, ბავშვთა შერჩეულ ჯგუფებზე, სადაც გვაქვს ტყვიის კონცენტრაციის არც თუ საგანგაშო, მაგრამ ძალიან საყურადღებო მატება, დაახლოებით 15 დან 20-25%-ის ფარგლებში. ახლა კი იგეგმება მასშტაბური კვლევა, რომელშიც გვეხმარება გაერო-ს ბავშვთა ფონდი. ასევე მხარში გვიდგას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი.  სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა მოხდება იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.