გაერო-ს ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ჰუმანიტარული დახმარება 168 მილიონზე მეტ ადამიანს დასჭირდება
გაერო-ს ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ჰუმანიტარული დახმარება 168 მილიონზე მეტ ადამიანს დასჭირდება

2020 წელს საერთაშორისო მასშტაბით ჰუმანიტარული დახმარება 168 მილიონზე მეტ ადამიანს დასჭირდება. ამის შესახებ გაერო იუწყება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ამის მიზეზი კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება იქნება. გაერო-ს ინფორმაციით, საჭიროებებს შორის იქნება საკვები, ასევე ადამიანების სამედიცინო დახმარებით და თავშესაფრით უზრუნველყოფა.

როგორც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია იუწყება, აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უმაღლესია და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

2019 წლის ნოემბრის მაჩვენებლით, საერთაშორისო მასშტაბით ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების მქონე 166 მილიონი ადამიანი დაფიქსირდა. ეს კი, გასულ წელთან შედარებით 26 პროცენტით მეტია.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საგანგაშო მაჩვენებლის გაზრდა კონფლიქტური ზონების მატებამ გამოიწვია. ამასთან ერთად, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საერთაშორისო მასშტაბით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე 800 თავდასხმა განხორციელდა. აქედან 171 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული მაჩვენებლიდან გამომდინარე, გაერო პარტნიორების დახმარებით 28 მილიარდი დოლარის მოგროვებას ეცდება.