გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვენესუელაში საკუთარ წარმომადგენლებს დატოვებს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვენესუელაში საკუთარ წარმომადგენლებს დატოვებს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვენესუელაში საკუთარ წარმომადგენლებს დატოვებს. ამის შესახებ მიშელ ბაჩელეტმა ლათინური ამერიკის ქვეყანაში სამდღიანი ვიზიტის დასრულების დროს განაცხადა. გაერო-ს წარმომადგენლების ჯგუფი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება.

კარაკასში ნიკოლას მადუროსთან შეხვედრის შემდეგ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვენესუელაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მიშელ ბაჩელეტის განმარტებით, აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაცია ვენესუელას დახმარებას გაუწევს.

ამასთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. მიჩელ ბაჩელეტის განმარტებით, ვენესუელაში სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტის მხრივ კრიტიკული ვითარებაა, რასაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ კი, თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.