გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ბელარუსის მეზობელ ქვეყნებს მოუწოდებს, დაიცვან თავშესაფრის მაძიებლები
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ბელარუსის მეზობელ ქვეყნებს მოუწოდებს, დაიცვან თავშესაფრის მაძიებლები

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი ბელარუსის მეზობელ ქვეყნებს მოუწოდებს, დაიცვან თავშესაფრის მაძიებლები. ეს კომენტარი მიშელ ბაჩელეტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა ბელარუსიდან გადასული ერაყელი მიგრანტის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

„ვიყენებ აღნიშნულ შესაძლებლობას, რათა შევახსენო ყველა მთავრობას, რომ საერთაშორისო სამართლით, არავის უნდა შეეშალოს ხელი, ეძებოს თავშესაფარი ან საერთაშორისო დაცვის სხვა ფორმა“, – განაცხადა ბაჩელეტმა ჟენევაში გამართულ სხდომაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, არალეგალური გზით ქვეყანაში ჩასულ მიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებს აქვთ უფლება, მიიღონ საკვები, წყალი და სამედიცინო დახმარება, ხოლო თავშესაფარზე მათი განაცხადის განხილვა ინდივიდუალური წესით უნდა მოხდეს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბელარუსიდან შესვლის შემდეგ პოლონეთის ტერიტორიაზე სამი მიგრანტის გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, მეოთხე პირი კი გარდაცვლილი საზღვრის ბელარუსულ მხარეს იპოვეს. არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ უთქვამს, რა გახდა ოთხი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. დღეს პოლონურმა მხარემ კიდევ ერთი მიგრანტის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

პოლონეთი, ლიეტუვა და ევროკავშირი ბელარუსს ახლო აღმოსავლეთიდან, ძირითადად კი ერაყიდან და ავღანეთიდან ევროკავშირის მიმართულებით მიგრაციის წახალისებაში ადანაშაულებენ. ევროკავშირის ქვეყნები აცხადებენ, რომ ბელარუსი მიგრანტებს ჰიბრიდული ომის იარაღად იყენებს.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, აგვისტოში ბელარუსიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთა 3 500-ჯერ სცადეს. დღეის მონაცემებით კი, სექტემბრის დასაწყისიდან ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლის 5 ათასი მცდელობა დაფიქსირდა.

მიშელ ბაჩელეტმა ასევე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს განუცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავებით ჩაახშო ფუნდამენტური თავისუფლებები. გაერო-ში ბელარუსის ელჩმა იური ამბრაზევიჩმა მიშელ ბაჩელეტის ანგარიშს უსაფუძვლო განცხადებებით და ყალი ბრალდებებით სავსე უწოდა.

დატოვე კომენტარი