გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი აცხადებს, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მისი თქმით, სირიიდან ვრცელდება ინფორმაცია ოჯახების, მათ შორის, ქალების, ბავშვებისა და ბრძოლისუუნარო მებრძოლების მკვლელობების შესახებ. გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული უკანონო სიკვდილით დასჯის შესახებ, რომელსაც ჩადიან დაუდგენელი პირები, დროებითი ხელისუფლების უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები, ასევე ყოფილ მთავრობასთან დაკავშირებული ელემენტები.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მოუწოდა სირიის ახალ ხელისუფლებას, საკუთარი განცხადებები კანონის დაცვის განზრახვის შესახებ სირიელების დასაცავად ოპერატიული ქმედებებით გაამყაროს. მისივე თქმით, ასევე აუცილებელია მკვლელობებისა და სხვა დანაშაულებების გამოძიება, ხოლო დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
ცნობისთვის, სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით რუსეთმა და აშშ-მა 10 მარტისთვის მოითხოვეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაუდებელი კონსულტაციების გამართვა.
შეგახსენებთ, 7 მარტს სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ლატაკიისა და ტარტუსის პროვინციებში ალავიტებმა და ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მომხრეებმა აჯანყება წამოიწყეს. სირიის გარდამავალმა ხელისუფლებამ ამას ხისტად უპასუხა. ორი დღის განმავლობაში შეტაკებების შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის ობსერვატორია (SOHR), რომელიც ბრიტანეთშია დაფუძნებული, მომხდარს ასადის დამხობისა და ახალი ხელისუფლების დამყარების შემდეგ ძალადობის ყველაზე მასობრივ და სასტიკ გამოვლინებად მიიჩნევს.