გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში გენერალური დებატები გაიმართა, რა დროსაც გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ევროკავშირის, ბულგარეთის, უკრაინის, ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და საბერძნეთის მხრიდან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციები მიესალმნენ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს.

„მათ შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, „კოვიდ-19“ პანდემიის პირობებში, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მძიმე მდგომარეობაზე. კერძოდ, დელეგაციებმა დაგმeს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება და გადაადგილების თავისუფლებაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

გამომსვლელებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების დარღვევებსა და შეზღუდვებთან დაკავშირებით, რაც, მათი შეფასებით, ხელს უშლის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში შემდგომი ხელშესახები პროგრესის მიღწევას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე, მათ შორის ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შემთხვევებზე, რაც განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის კონტექსტში კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფას, უარყოფით გავლენას ახდენს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უფლებებზე.

ამასთან, გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესვლის საჭიროებისა და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაუყოვნებელი და უპირობო დაშვება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საგარეო უწყების განმარტებით, დელეგაციები მიესალმნენ საბჭოს 43-ე სესიის დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს მიერ ყოველწლიური რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ ინიცირებას და რეზოლუციის მხარდაჭერა დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში კენჭი ეყრება აღნიშნულ რეზოლუციას.

საბჭოს ვიდეოკონფერენციის ფარგლებში სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

სამინისტროსა ინფორმაციით, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის აღმართვის განგრძობით პროცესზე.

აღნიშნული რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება და იგი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას ავალებს.

პანდემიის გამო, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა.

დატოვე კომენტარი