გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი - ირანის ხელისუფლება ანტისამთავრობო აქციების დროს დაღუპულთა ცხედრებს მალავს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი - ირანის ხელისუფლება ანტისამთავრობო აქციების დროს დაღუპულთა ცხედრებს მალავს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისში აცხადებენ, რომ ირანში ვითარება კრიტიკულია და ხელისუფლება ანტისამთავრობო აქციების დროს დაღუპულთა ცხედრებს მალავს. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ განცხადება ოფისის პრესსპიკერმა, ჯერმი ლოურენსმა გააკეთა.

ლოურენსის თქმით, ირანის ხელისუფლების მიერ ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების მიმართ გადადგმული ხისტი საპასუხო ნაბიჯების გამო დემონსტრაციების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის გარდაცვლილია 300 დემონსტრანტი.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის პრესსპიკერმა შეშფოთება გამოთქვა გავრცელებული ცნობების გამო, რომ ხელისუფლება უარს ამბობს, დაღუპულების ცხედრები ოჯახებს გადასცეს, ვიდრე ისინი არ დათანხმდებიან, ახლობლების სიკვდილის ყალბი მიზეზი დაასახელონ.

„ბიბისის“ ცნობით, ირანის უსაფრთხოების ძალები აიძულებენ დაღუპულთა ოჯახებს, განაცხადონ, რომ მათი ნათესავები ბრმა ტყვიას ემსხვერპლნენ ან წარმოადგენენ სამხედრო პირებს, რომლებიც „არეულობის მონაწილეებმა მოკლეს“.

უფლებადამცველების ინფორმაციით, ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე სამართალდამცველებმა 17 400 ადამიანი დააკავეს. დაღუპულია 300-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის, 60 ბავშვი. აქციებთან დაკავშირებულ სულ მცირე ექვს ადამიანს სიკვდილი აქვს მისჯილი.