გაერო-ს ადამიანის უფლებათა ევროპულმა საბჭომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებების გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ევროპულმა საბჭომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებების გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ევროპულმა საბჭომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დიდი უმრავლესობით მიიღეს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 33-მა ქვეყანამ, 12-მა თავი შეიკავა. ჩინეთი და ერითრეა აღმოჩნდა ის ორი ქვეყანა, რომლებმაც დოკუმენტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

ჩინეთის წარმომადგენელმა დოკუმენტს პოლიტიზებული უწოდა და განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია უკრაინაში დაძაბულობას ამწვავებს და „ცეცხლზე ნავთს ასხამს“.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქმე ეხება იმ დანაშაულებებს, რომლებიც სავარაუდოდ რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს უკრაინაში წამოწყებული ომის პირველ დღეებში, მათ შორის კიევთან ახლოს მდებარე ქალაქებსა და სხვა რეგიონებში.

საბჭოს წევრებს ვიდეოხიდის საშუალებით კიევიდან მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ემინე ჯაპაროვამ. მისი თქმით, უკრაინამ სრული საშინელების 10 კვირა გადაიტანა. როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, ბოლო კვირების განმავლობაში კიევის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში აღმოჩენილი იყო ათასობით ცხედარი. მათი ნაწილი, როგორც ვარაუდობენ, სიკვდილით დასაჯეს. რუსეთი ბრალდებას უარყოფს.

რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა გაერო-ში რუსეთის ელჩი. გენადი გატილოვმა დოკუმენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიების ნაცვლად, კოლექტიური დასავლეთი რუსეთის დემონიზებას ცდილობს“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან აპრილში გარიცხეს.