გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი - „თალიბანი“ ქალებთან დაკავშირებით გაცემულ დაპირებებს არღვევს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი - „თალიბანი“ ქალებთან დაკავშირებით გაცემულ დაპირებებს არღვევს

„თალიბანი“ ქალებთან დაკავშირებით გაცემულ დაპირებებს არღვევს, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში მოვიდა, მათ მიერ გაცემული დაპირებები არ შეესაბამება რეალობას.

როგორც ბაჩელეტი აცხადებს, ავღანეთი ახალ და საშიშ ფაზაში იმყოფება, სადაც ბევრი ქალი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

ბაჩელეტის განცხადებით, მიუხედავად „თალიბანის“ დაპირებებისა, ბოლო კვირების განმავლობაში ქალები სრულად ჩამოშორდნენ საზოგადოებრივ სფეროს. მან შეშფოთება გამოთქვა „თალიბანის“ მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობასთან დაკავშირებით, რომელშიც ქალები არ არიან წარმოდგენილნი და ძირითად ბირთვს ეთნიკური პუშტუნები წარმოადგენენ.

გარდა ამისა, მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, თალიბანი არ ასრულებს ყოფილი მთავრობის წევრების და სამხედრო ოფიცრების ამნისტიასთან დაკავშირებულ დაპირებებსაც.