გაერო - რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ
გაერო - რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ

რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ. ინფორმაციას ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.

„გაერო თანამშრომლობს უკრაინისა და რუსეთის მთავრობებთან, რათა ეფექტურად მიაწოდოს ჰუმანიტარული დახმარება ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა კახოვკის კაშხლის დანგრევით. რუსეთის მთავრობამ ამ დრომდე უარყო ჩვენი მოთხოვნა მის დროებით სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გაერო-ში აცხადებენ, ისინი გააგრძელებენ მუშაობას დაზარალებულ ხალხთან წვდომის მოსაძებნად.

„მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა უკრაინაში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, დენის ბრაუნმა.

შეგახსენებთ, 6 ივნისს, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რის შედეგადაც დაიტბორა დასახლებული პუნქტები და ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლის დატოვება. კახოვკის კაშხლის აფეთქებას, სულ მცირე, 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.