გაერო მიანმარის ლიდერს, ნობელის პრემიის ლაურეატ სან სუ ჩის  როჰინჯების მასობრივ ხოცვაზე პასუხიმგებლობას აკისრებს
გაერო მიანმარის ლიდერს, ნობელის პრემიის ლაურეატ სან სუ ჩის როჰინჯების მასობრივ ხოცვაზე პასუხიმგებლობას აკისრებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიანმარის დე ფაქტო ლიდერს, ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის რაკჰაინის შტატში როჰინჯების მასობრივი ხოცვის გამო, პასუხიმგებლობას აკისრებს და გადადგომისკენ მოუწოდებს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა გაანცხადა, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს რაკჰაინის შტატში სამხედროების მხრიდან გამოვლენილი ძალადობა როჰინჯების მიმართ შესაძლოა, გენოციდად შეფასდეს.

„მას შეეძლო წინ აღდგომოდა ამ ძალადობას, შეეძლო შეეჩერებინა მასობრივი ხოცვა რაკჰაინის შტატში, თუმცა ასე არ მოიქცა. ის ვერ იტყვის, რომ ინფორმირებული არ იყო მომხდარის შესახებ. აუნ სან სუ ჩიმ თანამდებობა უნდა დატოვოს“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა BBC-ისთან ინტერვიუში.

როჰინჯების დევნა გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, როცა მაშინდელ ბირმაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. გადამწვარი სოფლები და ძალადობის მსხვერპლად ქცეული ქალები და ბავშვები წარსულს მაინც ვერ ჩაბარდა. 2017 წლის 25 აგვისტოს მიანმარის სამართალდამცავ ორგანოებზე როჰინჯას მეამბოხეთა თავდასხმის შემდეგ, რაკჰაინის შტატისკენ ჯარი დაიძრა. სამხედროებმა 230 სოფელი გადაწვეს, მუსლიმი კაცები დახოცეს, ქალები და მოზარდი გოგოები ძალადობის მსხვერპლად იქცნენ. საერთო ჯამში, მასობრივ მკვლელობას რაკჰაინში 8 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარის გამო, 700 ათასამდე ადამიანი მეზობელი ბანგლადეშისკენ გაიქცა. ისინი დღემდე ბანგლადეშის დევნილთა ბანაკებში ცხოვრობენ. გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, არსებული ვითარების გამო, ნახევარი მილიონი როჰინჯა ბავშვი განათლებისა და სამედიცინო დახმარების გარეშეა დარჩენილი.

2015 წლის ნოემბერში არჩევნების გზით ქვეყნის მმართველი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, აუნ სან სუ ჩი გახდა. თუმცა მისი მმართველობიდან ორ წელიწადში, ძალადობაზე თვალები დახუჭა.

საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას სან სუ ჩიმ დუმილით უპასუხა, საერთაშორისო მედია კი სიცრუეში დაადანაშაულა. მოგვიანებით, დე ფაქტო ლიდერმა პირობა დადო, რომ რაკჰაინში დევნილების დასაბრუნებლად ხელსაყრელ პირობებს შექმნიდა, თუმცა მიანმარის მთავრობას გაეროსთვის მიცემული პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია.

რაკჰაინში 2017 წლის 25 აგვისტოს დატრიალებული ტრაგედიის გამო, რამდენიმე პრემია, რომელიც წარსულში დისიდენტად წოდებულ სან სუ ჩის ჰქონდა მიღებული, უკვე ჩამოართვეს.   თუ გაერო ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლობას დააკისრებს, შესაძლოა, პოლიტიკოსი, რომელსაც წარსულში სინდისის პატიმარს უწოდებდნენ, ნობელის პრემიასაც დაემშვიდობოს.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატი, მათ შორის ირანელი უფლებადამცველი შირინ ებადი აუნ სან სუ ჩისთვის პრემიის ჩამორთმევას ერთი წელია ითხოვს.