გაერო-მ და მოსკოვმა რუსეთიდან მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის საკითხები განიხილეს
გაერო-მ და მოსკოვმა რუსეთიდან მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის საკითხები განიხილეს

გაერო-მ და მოსკოვმა რუსეთიდან მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გაერო-სა და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის საჩივრები, რომლის მიხედვითაც, დასავლეთის სანქციები აფერხებს რუსეთიდან მარცვლეულის და სასუქის ექსპორტს, რუსეთიდან და უკრაინიდან ტვირთების გამოტანის გაზრდის შესახებ გაერო-ს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიუხედავად.

გაერო-ს ოფიციალური წარმომადგენლის, სტეფან დიუჟარიკის განცხადებით, შეხვედრა გაიმართა გაერო-ს სავაჭრო წარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის. მისი თქმით, მხარეებმა პოზიტიური დისკუსია გამართეს.

„დისკუსიები მიმდინარეობს ძალიან კონსტრუქციულ, პროფესიონალურ დონეზე. გამოწვევები არის მკაფიო, თუმცა არ შევალ დეტალებში თუ რა განიხილებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან”, – განაცხადა დიუჟარიკმა.

ამასთან, მანამდე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთს მოუწოდა, მოხსნას ლოჯისტიკური სანქციები, რომლებიც ხელს უშლის რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის მსოფლიო ბაზარზე თავისუფალ გატანას.

აშშ და დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის სურსათი და სასუქი არ წარმოადგენს სანქციების საგანს, თუმცა მოსკოვის ცნობით, რუსეთი აცხადებს, რომ სანქციები გარკვეულ ეფექტს ახდენს მათ ექსპორტირებაზე.

22 ივლისს თურქეთის, გაერო-ს, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ უკრაინიდან მარცვლეულის შავი ზღვის პორტებით ექსპორტზე და რუსული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანის ხელშეწყობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება მსოფლიოში საკვებზე გაზრდილი ფასების შემცირებას ემსახურებოდა.

გაერო-ში განაცხადეს, რომ შეთანხმება კომერციულია და არა ჰუმანიტარული, რომელიც რეგულირდება ბაზრის მეშვეობით.

„ეს ინიციატივა ეხება გლობალური ფასების შემცირებას საბითუმო დონეზე და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ”, – განაცხადა დიუჟარიკმა.