გაერო-მ ბრუნეის ანტილგბტ კანონს „სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი“ უწოდა
ბრუნეის ანტილგბტ კანონს გაერო-მ „სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი“ უწოდა. „ბიბისის“ ცნობით, ბრუნეის საკანონმდებლო ცვლილებებმა საერთაშორისო ასპარეზზე დიდი კრიტიკა გამოიწვია და ქვეყანას კურსის ცვლილებისკენ მოუწოდეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბრუნეიში ლგბტ თემი ახალი კანონით შოკირებულია და გადაწყვეტილებას „შუა საუკუნეების დასჯას“ უწოდებს.
„იღვიძებ და აცნობიერებ, რომ შენი მეზობლები, შენი ოჯახი და მოხუცი შესანიშნავი მოხუცი ქალბატონი, რომელიც ქუჩაში კრევეტებს ყიდის, ადამიანად აღარ მიგიჩნევენ ან ფიქრობენ, რომ შენი ჩაქოლვა ნორმალურია“ – განუცხადა „ბიბისის“ ბრუნეის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც იდენტიფიცირება არ ისურვა.
72 წლის ბრუნეის სულთანი მსოფლიოს მასშტაბით მაღალი კლასის სასტუმროების მფლობელია. მიმდინარე კვირაში ჰოლივუდის მსახიობმა, ჯორჯ კლუნიმ და სხვა ცნობილმა სახეებმა მდიდრული სასტუმროების ბოიკოტის ინიციატივა წარადგინეს.
ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა მოსახლეობას მოქმედებისკენ და ბრუნეის სულთნის სასტუმროების ბოიკოტისკენ მოუწოდა და თქვა, რომ „ახლა საჭიროა რამის გაკეთება“.
„ბიბისიმ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი ანტილგბტ კანონით, ბრუნეიში ჩაქოლვით სიკვდილით დასჯა დაწესდა.
„ბიბისი“ წერს, რომ ბრუნეის ახალი კანონმდებლობით, სიკვდილით დასჯა გავრცელდება ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა გაუპატიურება, მრუშობა, სოდომია, ძარცვა და წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფა.