გაერო - ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო მძიმდება
ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო მძიმდება. ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამსახურის უფროსმა, რამეშ რაჯასინგჰამმა განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით 400 ათასი ადამიანი, მათ შორის 33 ათასი ბავშვი შიმშილობს ტიგრაის რეგიონში და სიტუაცია თუ არ დასტაბილურდება, შიმშილობა კიდევ 1,8 მილიონ ადამიანს ემუქრება.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, გაერო-მ არაერთხელ მოუწოდა უშიშროების საბჭოს აღნიშნული საკითხის განხილვისკენ, თუმცა ისევე, როგორც აფრიკის ბევრი სახელმწიფო, რუსეთი და ჩინეთიც ეწინააღმდეგებიან ტიგრაის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის განხილვას და საკითხს ეთიოპიის საშინაო საქმედ მიიჩნევენ.
კონფლიქტი ტიგრაის რეგიონში 2020 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს ეთიოპიის ხელისუფლებასა და მემარცხენე პარტიას „ტიგრაის გამათავისუფლებელ ეროვნულ ფრონტს“ შორის.
გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 20 ათასამდე ადამიანია დაღუპული, ხოლო ათობით ათას ადგილობრივ მცხოვრებს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია.