გაერო ჩილელ სამართალდამცველებს დემონსტრაციებზე ადამიანის უფლებების დარღვევებში ადანაშაულებს
გაერო ჩილეს პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებს დემონსტრაციებზე ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში ადანაშაულებს. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაერო-ს გამომძიებლებმა შეადგინეს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დემონსტრაციების დროს 26 ადამიანი დაიღუპა, 4 999 დაშავდა, 345-მა კი თვალის არეში დაზიანებები მიიღო, მათ ნაწილს მხედველობა დაეკარგა. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ დემონსტრაციების დროს პოლიციისა და ჯარისკაცების მხრიდან დემონსტრანტების წამების 113 და სექსუალური ძალადობის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.
გაერო-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ჩილეში დემონსტრაციების დროს პოლიციამ საერთო ჯამში 28 ათასი ადამიანი დააკავა. მათგან 1 600-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ლათინური ამერიკის ქვეყანაში დემონსტრანტები სოციალურ რეფორმებს და კონსტიტუციის შეცვლას ითხოვენ, რომელიც სამხედრო დიქტატორის, აუგუსტო პინოჩეტის დროს არის შედგენილი.