გაერო - ბოლო რამდენიმე კვირაში ავიაიერიშების გამო, სირიაში იდლიბის პროვინცია 60 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა
გაერო - ბოლო რამდენიმე კვირაში ავიაიერიშების გამო, სირიაში იდლიბის პროვინცია 60 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

ბოლო რამდენიმე კვირაში ინტენსიური ავიაიერიშების გამო სირიაში იდლიბის პროვინცია 60 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გაერო იუწყება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, რეგიონში, რომელიც სირიის ოპოზიციური ძალების უკანასკნელი დასაყრდენია, ბოლო რამდენიმე კვირაა, ინტენსიური ავიაირიშები ხორციელდება. საჰაერო შეტევებს სირიის არმია და რუსეთის სამხედრო ძალები ახორციელებენ.

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ბოლო 24 საათში იდლიბის პროვინციაში 400 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა სირიის რეჟიმი და რუსეთის ხელისუფლება სამოქალაქო პირებზე ავიაიერიშებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ საჰაერო თავდასხმების სამიზნე ტერორისტული დაჯგუფებების წევრები არიან.

იდლიბის პროვინციაში არსებულ ვითარებას გაერო ჰუმანიტარულ კატასტროფად აფასებს. ამასთან ერთად ორგანიზაციაში იუწყებიან, რომ საწვავის დეფიციტის გამო მშვიდობიანი მოქალაქეები სათანადოდ გადაადგილებას ვერ ახერხებენ. შედეგად კი, ხშირ შემთხვევაში ავიაიერიშების ეპიცენტრში ხვდებიან.

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტს 2011 წლის შემდეგ 370 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი