გაერო - აღმოსავლეთ ღუტაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტები დაფიქსირდა
გაერო - აღმოსავლეთ ღუტაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტები დაფიქსირდა

აღმოსავლეთ ღუტაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმსჯელა. ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა განაცხადა, რომ ყველამ, ვინც სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

„ჩვენ ვხედავთ სამხედრო დანაშაულს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს აღმოსავლეთ ღუტასა და მთელს სირიაში. მოქალაქეებზე თავდასხმა ხორციელდება. ბევრი მათგანი დაიღუპა. იდენტიფიცირება აუცილებლად უნდა მოხდეს იმ პირების, ვინც ამ დანაშაულზეა პასუხისმგებელი და პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე “, – აღნიშნა უმაღლესმა კომისარმა.

გაერო-ში სირიის არაბული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუსამ აალამ საპასუხოდ განაცხადა, რომ სირიის ჯარი აღმოსავლეთ ღუტაში ტერორისტების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს აწარმოებს და მოქალაქეების ხოცვასთან კავშირი არ აქვთ.

საპირისპიროს ამტკიცებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, სირიის თავდაცვის სამინისტრომ აღმოსავლეთ ღუტაში, – დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ანკლავში ქიმიური იარაღი, ქლორის გაზი გამოიყენა, რასაც მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი მოჰყვა.

ბოლო სამ კვირაში ღუტაში 600-მდე ადამიანი დაიღუპა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის „სირიის ამერიკული სამედიცინო საზოგადოების“ ინფორმაციით, რომელიც სირიის სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე შეიქმნა, 2011 წლიდან დღემდე სირიაში 200-მდე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. გაერო-ს ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფებები, განსაკუთრებით თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფო მოქალაქეების წინააღმდეგ მდგოვის გაზს, იგივე იპრიტს იყენებდა, ასადის მთავრობა კი ე.წ. კასრის ბომბებს, რომელიც ქლორის გაზსაც შეიცავდა.

გარდა ამისა, დღეს გაერო-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სირიაში ზარინი 2013 წლიდან დღემდე 8-ჯერ გამოიყენეს. ქიმიური იარაღის კონვენციით, ზარინის წარმოება და გავრცელება იკრძალება. ზარინი, რომელიც ნერვულ სისტემას ვნებს და კუნთების დამბლას იწვევს, 1994 წლიდან ქიმიურ იარაღად მიიჩნევა.