გადასახადის გადამხდელთა კავშირი განცხადებას ავრცელებს
გადასახადის გადამხდელთა კავშირი განცხადებას ავრცელებს

გადასახადის გადამხდელთა კავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შემოსავლების სამსახურს მოუწოდებს, დამატებით განმარტოს, რას უკავშირდება გარკვეული ტიპის კომპანიების ხელმძღვანელების უწყებაში დაბარება.

განცხადების თანახმად, ბოლო პერიოდში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი უკავშირდება კომპანიების დირექტორებს და ვინაიდან ისინი მოხვდნენ რისკიანი კომპანიების სიაში, სთხოვენ შემოსავლების სამსახურში მისვლას.

„ანალოგიური შეტყობინება მიიღო ჩვენი კავშირის რამდენიმე წევრმა კომპანიამაც.

გადასახადის გადამხდელებს გვინდა ვაცნობოთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, საქმე ეხება იმ კომპანიების ნაწილს, რომელთაც უფიქსირდებათ დღგ-ის ზედმეტობა, ხოლო შემოსავლების სამსახურში მათი მისვლა უკავშირდება წერილობითი ახსნა-განმარტების გაკეთებას წარმოშობილი ზედმეტობის მიზეზების შესახებ, რისთვისაც საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება.

აქვე, მოვუწოდებთ შემოსავლების სამსახურს, მეტი სიცხადე შეიტანოს აღნიშნულ პროცესში, რათა ხელმძღვანელმა პირებმა შეძლონ მომზადება და ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა შემოსავლების სამსახურში. ასევე, აუცილებელია, გადამხდელებს ინფორმაციის დისტანციურად მიწოდების შესაძლებლობაც ჰქონდეთ“, – აღნიშნულია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში.