გადამწყვეტი სამქულიანი ოვერტაიმში - ბექა ბურჯანაძემ „გრან კანარიას“ სეზონის პირველი მატჩი მოაგებინა (ვიდეო)

ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით მატჩში ბასკურ „ბილბაოს“ უმასპინძლა და 107:102 სძლია. მატჩის შემდეგ ქართველი კალათბურთელი საუკეთესოდ დაასახელეს. რით დაიმსახურა მან ეს აღიარება ქვემოთ მოგახსენებთ…

კანარულ დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. ანგარიშზე 98:98 ბოლო შეტევა „გრან კანარიას“ დარჩა, ბურთი ბექამ მიიღო, კალათისკენ დაიძრა, თუმცა პერიმეტრზე თავისუფალი პარტნიორი შენიშნა, გადაცემა არ დაუგვიანა, მაგრამ კოსტელოს სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

სწორედ დამატებითი დრო იყო საჭირო ბექა ბურჯანაძისთვის მატჩის გმირი რომ გამხდარიყო. სირენამდე 1:10 წუთით ადრე, როდესაც ტაბლოზე კანარელთა სასარგებლოდ 103:102 ეწერა, ქართველმა ფორვარდმა ბურთი პერიმეტრზე მიიღო, სამქულიანი სტყორცნა, ჩააგდო, 106:102 და „გრან კანარიას“ სეზონის პირველი მატჩი მოაგებინა. დარჩენილ დროში გუნდებმა მხოლოდ ერთი ქულა ჩააგდეს და კუნძულელებმა 107:102 მოიგეს.

ქართველმა თავდამსხმელმა 36 წუთი ითამაშა, 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი გაიფორმა. ბექას ანგარიშზე 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმოა. „კანარიას“ ბომბარდირი მეტ კოსტელო გახდა, ხოლო მატჩში ყველაზე მეტი ბილბაოელმა ჰაკანსონმა ჩააგდო.

ბურჯანაძის თანაგუნდელებს უახლოესი მატჩი 25 სექტემბერს ელით – თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსს“ ეთამაშებიან. ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ორშაბათს, 21 სექტემბერს გამართავს – გიორგისვე ყოფილ კლუბ „სარაგოსას“ უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი