„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება
„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ.

„აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ.

აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც.

აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა.

შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც ზუსტად ისე შეასრულა, როგორც სხვა ყველა დაპირება. ამიტომ, დროა, დავასრულოთ მატყუარა ხელისუფლების სათავეში ყოფნა”-განაცხადა მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას” ერთ-ერთმა აქტივისტმა გიორგი გველესიანმა.

აქციის მონაწილეებმა ქუთაისის ცენტრში, მერიასთან იმ დეპუტატების სია წაიკითხეს, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. აქტივისტებმა ფურცელი დემონსტრაციულად დაწვეს.

მოქალაქეები შეიკრიბნენ ზუგდიდშიც, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს წინ. აქციის მონაწილეთა თქმით, მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია თვითონ იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რათა ცვლილებები ჩავარდნილიყო. ზუგდიდში აქცია უკვე დასრულდა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, რის გამოც ოპოზიციურმა პარტიებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.