გადაჭარბებული ხმაურის გამო ბოლო ექვს თვეში 70 ჯარიმა გამოიწერა
გადაჭარბებული ხმაურის გამო ბოლო ექვს თვეში 70 ჯარიმა გამოიწერა

ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედებიდან, ანუ 2017 წლის 15 აგვისტოდან, 2018 წლის პირველ მარტამდე პერიოდში, 112-ში ხმაურით შეწუხებული პირების მხრიდან 4658 ზარი შევიდა.

შესაბამისად, ოპერატორმა ეს საქმეები რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს გადასცა. აღნიშნული მონაცემები პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყების ცნობით, იმავე პერიოდში ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებისთვის დაჯარიმდა ერთი ფიზიკური პირი, რომელსაც დაეკისრა 150-ლარიანი ჯარიმა.

რაც შეეხება ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბებას, ამ მიზეზით დასახელებულ პერიოდში 162 პირი გააფრთხილეს. იგივე დარღვევისთვის 150 ლარით დაჯარიმდა 25 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი. პირველ შემთხვევაში ჯარიმა 150 ლარს შეადგენს, მეორეში კი 500-ს.

დარღვევის გამეორებისთვის დაჯარიმდა ერთი ფიზიკური პირი – 300 ლარით, და 22 იურიდიული პირი 1000 ლარით.

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც გადაჭარბებული ხმაურისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს, გასული წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა.