გადაცემა “ტელესპექტაკლის“ აღდგენის საკითხზე აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ორ დღეში გახდება ცნობილი

დასავლეთ საქართველოს თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და მსახიობები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელსა და ბორდის წევრებს შეხვდნენ.

ისინი პროექტ ,,ტელესპექტაკლის” აღდგენას ითხოვენ. ამბობენ, რომ რეგიონული თეატრებისთვის გადაცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა.

როგორც ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ განაცხადა, თუ აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობა გადაცემა “ტელესპექტაკლს” არ აღადგენს, თეატრალები საპროტესტო აქციებს გამართავენ.

“ოპტიმისტური მოლოდინი არ არის, უბრალოდ ძალიან მჯერა ბორდის თავმჯდომარის ნატა იმედაშვილის, რადგან ის ამბობს, რომ ორ დღეში იქნება პასუხი, ე.ი. ჩვენ მივიღებთ ამ პასუხს. გამომდინარე იქიდან, რა პასუხი იქნება, გაგრძელდება საპროტესტო აქციები, კარგად შევფუთავთ, დავდგამთ, არ გვიჭირს ეს ამბავი, ვიდრე არ შესრულდება საზოგადოების და მთლიანად ქართული თეატრის მოთხოვნა”, – განაცხადა კოტე აბაშიძემ.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე აცხადებს, რომ გადაცემის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არხის დირექტორმა ნათია კაპანაძემ ერთპიროვნულად მიიღო.

მისი თქმით, გადაცემა “ტელესპექტაკლი” სრულად აკმაყოფილებდა პრიორიტეტებს, რომელიც აჭარის ტელევიზიას სჭირდება.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ დირექტორმა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიუხედავად არაერთი კითხვისა ჩემი მხრიდან, თუ რატომ დახურა გადაცემა, პასუხი დღემდე ვერ მივიღე”, – განაცხადა ირაკლი დარცმელიძემ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაშვილი ამბობს, რომ ორი დღის განმავლობაში აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან გაიმართება მსჯელობა გადაცემა “ტელეპროექტის” საკითხზე.

“ჩვენ ვთქვით, რომ 13 იანვარს უნდა ვუთხრათ პასუხი ამ ადამიანებს, ვინც აქ იყო მოსული. უნდა დავსხდეთ, ვიმსჯელოთ, აჭარის ტელევიზიის დირექტორთან. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ დირექტორი ამ პროექტის არსებობის აუცილებლობაში და იმის თაობაზე, რა ფორმატით, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს გადაცემა. გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ერთპიროვნულად. ჩემი პოზიციაა, რომ გადაცემა უნდა იყოს აჭარის ტელევიზიის ეთერში”, – განაცხადა ნატა იმედაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ გადაცემა “ტელესპექტაკლის” დახურვის მიზეზი აჭარის მაუწყებლის მდგომარეობაა.

მისი თქმით, ტელევიზიას არ აქვს სამონტაჟო კომპიუტერი და არ ჰყავს საკუთარი გუნდი, რომელიც ამ გადაცემაზე იმუშავებს.

“თეატრი და ხელოვნება ისევე, როგორც განსაზღვრულია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში,  შენარჩუნებული იქნება. თეატრი არასდროს დარჩება აჭარის მაუწყებლის ყურადღების მიღმა. ადამიანებს, რომლებიც მაუწყებელში მუშაობენ, არ აქვთ სამუშაო ოთახები, საკუთარი შენობაც კი არ გააჩნიათ და 30-წლიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში წარმოებული საქმიანობების ფონზე გვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. თეატრი და ხელოვნება ისევე, როგორც განსაზღვრულია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული იქნება. თეატრი არასდროს დარჩება აჭარის მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურადღების ქვეშ. თუკი თქვენ გადაწყვეტთ, ჩაწეროთ თქვენი სპექტაკლები და ვიმუშაოთ იმაზე, შეიძლება თუ არა საეთეროდ მომზადდეს მასალები. ან თქვენ გვითხრათ და ვისაუბროთ კონკრეტულ სპექტაკლზე, რომელიც ასევე განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდება. მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ დაფიქრება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მხარდაჭერაზე და თქვენ იღებდით იმ მხარდაჭერას, ჩვენ გადავდივართ კიდევ ერთ ეტაპზე, რაც არის თვითონ მაუწყებლის გამართული მუშაობა”, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.

თეატრალების განცხადებით, გადაცემა “ტელესპექტაკლის” ფარგლებში სამი წლის განმავლობაში გადაღებულია 60-მდე სპექტაკლი და სპექტაკლები აჭარის ტელევიზიის ეთერში სამი წლის განმავლობაში თვეში ერთხელ გადიოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორ დღეში მიიღებენ.